image

"პარი სენ-ჟერმენი" ფარ-ხმალს არ ყრის!

2014 წლის ზაფხულში არგენტინელი ნახევარმცველის, ანხელ დი მარიასთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე მეტად "პარი სენ-ჟერმენი" ეცილებოდა, თუმცა მაშინ პარიზელები ვერაფერს გახდნენ და დი მარიაც პრემიერ ლიგაში წავიდა. ფრანგები ანხელის თაობაზე იანვარშიც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, მაგრამ "წითელმა ეშმაკებმა" ფეხბურთელი არც მაშინ დათმეს. ახლა კი ფრანგულ პრესაში წერენ, რომ "პსჟ" ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს და არგენტინელის შეძენას მოახლოებულ სატრანსფერო ბაზარზეც ეცდება.

ავტორიტეტული გამოცემა "L'Equipe"-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, პარიზული კლუბის მესვეურები შეთავაზებას უკვე ამუშავებენ და სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გააგზავიან ოფიციალურ წინადადებას. წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებების დროს ჰოლანდიელი მცველის, გრეგორი ვან დერ ვილის სახელმაც გაიჟღეროს - ალბათ, ფრანგებს ფეხბურთელების ბარტერი სურთ, თუმცა, რასაკვირველია, "პსჟ"-ს თანხის დამატება მოუწევს.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში დი მარიამ "წითელი ეშმაკების" მაისურით, ყველა ტურნირზე ერთად, 33 მატჩი ჩაატარა, საკუთარი აქტივი კი 4 გატანილი გოლითა და 12 საგოლე გადაცემით გაამდიდრა.
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        25-05-2015, 12:22

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ