image

კარიერაში მესამედ

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერის დამარცხება 7:6, 6:7, 6:4, 6:3 მოახერხა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტიტული კარიერაში მესამედ დაისაკუთრა.

შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა და უნდა ითქვას, რომ ძირითადი მოვლენები პირველ ორ სეტში განვითარდა. თავდაპირველად უპირატესობა ფედერერმა მოიპოვა და ბრეიქით ლიდერობდა, თუმცა ჯოკოვიჩმა ინიციატივა სწრაფადვე დაიბრუნა და ტაიბრეიქზე დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონს შანსი არ დაუტოვა. მეორე სეტში ჩოგბურთელები სტაბილურად ინარჩუნებდნენ საკუთარ ჩაწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ ფედერერს სეტის მიწურულს ბრეიქის შესრულების რამდენიმე შანსი ჰქონდა, ყველაფერი მაინც ტაიბრეიქამდე მივიდა, რომელიც დიდი სლემის ფინალურ შეხვედრებს შორის ალბათ ერთერთი საუკეთესო გამოდგა. ჯოკოვიჩი ძალიან ახლოს იყო მეორე სეტის მოგებასთან, საერთო ჯამში მან 7 სეტ პოინტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ 12-10 ტაიბრეიქზე ფედერერმა იმარჯვა. ამ ყველაფრის შემდეგ კორტზე ერთადერთი ჩოგბურთელი დომინირებდა და ეს ბალკანელი გახლდათ - დარჩენილ ორ სეტში ჯოკოვიჩმა ჯამში სამი ბრეიქი შეასრულა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუკარგავს.

ნოლემ კარიერაში უიმბლდონი მესამედ მოიგო, ხოლო რაც შეეხება დიდი სლემის ყველა ტურნირს, ეს მისთვის მე-9 "მეიჯორი" გახლდათ. მან ამ მაჩვენებლით უკან ჩამოიტოვა ივან ლენდლი, ანდრე აგასი და სხვებთან ერთად, საკუთარი მწვრთნელი, ბორის ბეკერიც. ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიშიც გაათანაბრა და ახლა ორივე მათგანს ერთმანეთის წინააღმდეგ 20-20 შეხვედრა აქვს მოგებული.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        13-07-2015, 14:54

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ