image

მონრეალში მარეი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა

წლის რიგით მეექვსე მასტერსის ტურნირი მამაკაცთა შორის, რომელიც კანადის ქალაქ მონრეალში გაიმართა, ბრიტანელი ჩოგბურთელის, ენდი მარეის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება მოახერხა.

ბრიტანულ-სერბული ფინალი სამ საათს გაგრძელდა და საბოლოოდ მარეიმ ანგარიშით, 6:4, 4:6, 6:3 იმარჯვა. ენდი კარიერაში მეთერთმეტე მასტერსის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ენდის 2013 წლის უიბლდონის ფინალის შემდეგ მოგებული არ ჰქონდა, ხოლო ამ დროში ჯამში ბალკანელთან მან 9 შეხვედრა დათმო.

" საოცარი გრძნობაა კიდევ ერთი მასტერსის მოგება. კორტზე თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი და შეხვედრას მთლიანად ვაკონტროლებდი, თუმცა გადამწყვეტ პარტიაში ნოვაკმა სერიოზული პრობლემები შემიქმნა. ვფიქრობ, შევძელი და მთელი მატჩის გამნავლობაში ვახერხებდი აგრესიულად მეთამაშა, რაც წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია". - განაცხადა მარეიმ.

აქვე გეტყვით, რომ ამ გამარჯვებით ბრიტანელმა 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და განახლებულ მსოფლიო რეიტინგში იგი უკვე მეორე პოზიციას იკავებს. გარდა სარეიტინგო ქულებისა, მარეიმ 685 200 ამერიკული დოლარის გამომუშავებაც მოახერხა.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        17-08-2015, 13:30

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ