image

ჯოკოვიჩი საკუთარი ფორმით უკმაყოფილოა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც უკანასკნელი ორი მასტერსის ფინალი ენდი მარეისთან და როჯერ ფედერერთან წააგო, საკუთარი სათამაშო ფორმით უკმაყოფილოა და ამერიკის ღია პირველობის წინ ბევრი კომპონენტის დახვეწას აპირებს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ჯოკოვიჩი საოცარად ასპარეზობდა. ბალნკანელმა მიჯრით მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ინდიან უელსის, მაიამისა და რომის მასტერსები, ითამაშა როლანდ გაროსის ფინალში, ასევე კარიერაში მესამედ მოიპოვა უმბლდონის დიდი სლემის ტიტული. რაც შეეხება სეზონის მეორე ნახევარს, მიუხედავად იმისა, რომ მონრეალში და ცინცინატში მან ფინალში გასვლა მოახერხა, ეს შედეგი არც უშუალოდ სერბისთვის და არც მისი გულშემატკივრისთვის დამაკმაყოფილებელი არაა, თანაც ნოლეს თამაშში ბევრი წუნი შეინიშნებოდა და ორი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა შეხვედრაში ძალიან გაუჭირდა.

მოახლოვებული ამერიკის ღია პირველობის წინ ნოვაკმა გასული კვირები შეაჯამა და ასევე, რა თქმა უნდა, კალენდარული წლის რიგით მეოთხე, უკანასკნელ დიდი სლემის ტურნირზეც ისაუბრა.

" ვფიქრობ, რამდენიმე კარგი და რამდენიმე არც თუ ისე კარგი შეხვედრა ჩავატარე. ჩემი თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ, ბევრ სათამაშო კომპონენტში მოვიკოჭლებ და ბევრი ნიუანსის დახვეწა მმართებს, თუმცა ყველაფრის გამოსასწორებლად ერთი კვირა მაქვს და ამერიკის ღია პირველობამდე მაქსიმალურად შევეცდები საკუთარი კონდიციების გაუმჯობესებას".

ჯოკოვიჩს ჟურნალისტებმა მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემაზეც დაუსვეს შეკითხვები. როგორც ჩოგბურთის გულშემატკივარს მოეხსენება, სერბს 9 დან 8 მასტერსის ტურნირი მოგებული აქვს და მის კოლექციას მხოლოდ ცინცინატში მოპოვებული მთავარი ჯილდო აკლია.

" ცინცინატის ტურნირი განსაკუთრებულია. მე ხუთჯერ ვითამაშე ფინალში, მაგრამ ყველა გადამწყვეტი შეხვედრა წავაგე. ამ წელს კიდევ ერთი შანსი მქონდა, თუმცა ისიც ქარს გავატანე, თუმცა ბრძოლას არ ვწყვეტ, იქ აუცილებლად დავბრუნდები და კიდევ ერთხელ ვეცდები წარმატების მიღწევას". - აცხადებს ჯოკოვიჩი.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        25-08-2015, 22:01

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ