image

მეშვიდედ პრესტიჟის აღსადგენად

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას დუბლინში, "ავივას სტადიონზე", ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ამ ეტაპზე ორივე გუნდისთვის განსხვავებული სიტუაციაა. თუკი ბრიტანელები კონტინენტის პირველობაზე მოხვედრისთვის იბრძვიან და ამის კარგი შანსი აქვთ, ქართველებს მხოლოდ საკუთარი პრესტიჟის შენარჩუნებისთვის უწევთ ბრძოლა და იმის დამტკიცება, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მოგებული შეხვედრა და თამაშის ძალიან კარგი ხარისხი მხოლოდ ერთეული შემთხვევა არ ყოფილა. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა სქოთებთან გამარჯვების შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემაც, რომელიც თვლის, რომ საჭიროა გუნდმა ასეთი თამაშების სერია გამოაცხოს და ევროპული გუნდებისთვის "ჯვაროსნები" ძლიერ მოწინააღმდეგედ იქცნენ.

შოტლანდიის ნაკრებთან ჩვენმა გამარჯვებამ მორიგი მოწინააღმდეგე, სატურნირო თვალსაზრისიდან გამომდინარე, გაახრა, თუმცა ასევე გაიზარდა მოწიწება ირლანდიელთა კომენტარებში, რომლებიც ქართველების გარჯით გაოცებულები არიან და აცხადებენ, რომ წინ ძალიან რთული შეხვედრა ელით. როგორც ირლანდიის ნაკრების გამოცდილი მეკარე, შეი გივენი აცხადებს, გუნდი გიბრალტართან გამარჯვებით კმაყოფილია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და საქართველოსთან მოგებას აუცილებლად შეეცდებიან.

ბრიტანელებს სამი ქულა ძალიან სჭირდებათ და თუკი ჩვენს ნაკრებთან მის მოპოვებას მოახერხებენ, ჯგუფში მესამე ადგილზე მყარად დამკვიდრდებიან, ვინაიდან მათი უშუალო კონკურენტი, შოტლანდია გერმანიას ხვდება და სავარაუდოდ მოგება უნდა გაუჭირდეს, ხოლო პოლონელები შინ გიბრალტარს დაუხვდებიან და წინასწარვე ცნობილია, რომ რობერტ ლევანდოვსკისა და კომპანიას სამი ქულა ჯიბეში აქვთ. ასე რომ, თუკი ირლანდია ჩვენს დამარცხებას მოახერხებს, შოტლანდიასთან ჰანდიკაპს გაზრდის, ხოლო პოლონეთთან კვლავ ორქულიანი ჩამორჩენა ექნება.

ხვალინდელი მატჩი დუბლინში ჩვენი ნაკრებისთვის მეოთხე იქნება. წინა სამი დაპირისპირება ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა, აქედან ორი ოფიციალური, ხოლოდ ერთი ამხანაგური შეხვედრა იყო. პირველი დაპირისპირება შორეულ 2003 წელს, ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შედგა და ბრიტანელებმა მაშინ 2:0 მოგვიგეს. დღევანდელი ნაკრებიდან მაშინ ჩვენ წინააღმდეგ რობი კინი და შეი გივენი თამაშობდნენ, ქართველთაგან კი ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც ხვალაც გუნდის განაცხადში იქნება. მომდევნო მატჩი უკვე 2009 წელს გაიმართა, როცა ჩვენს გუნდს ექტორ რაულ კუპერი ავარჯიშებდა. ის თამაში ქართველებისთვის ძალიან კარგად დაიწყო და პირველსავე წუთებზე ალექსანდრე იაშვილმა "ჯვაროსნების" დაწინაურება მოახერხა, თუმცა თამაშის მიწურულს შეხვედრის ფინელმა არბირტმა ლომაიას კარის მიმართულებით არარსებული პენალტი დანიშნა, რომელიც რობი კინმა გოლად აქცია, ხუთიოდე წუთში კი მან საქართველოს ნაკრების კარი მეორედ აიღო და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 2013 წელს თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები დუბლინს ისტორიაში მესამედ ეწვია, მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებდა და ჩვენი გუნდის სრული კრახით დასრულდა, 4:0. ჩვენმა ამწიოკებელმა, რობი კინმა აღნიშნულ შეხვედრაშიც ორჯერ გაგვიტანა.

საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან, ზემოთ აღნიშნულის გარდა, კიდევ სამი შეხვედრა აქვს ნათამაშები. აქედან ორი თბილისში, ხოლო ერთიც მაინცში გაიმართა, რაც 2008 წლის აგვისტოში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან იყო დაკავშირებული. ის მატჩი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ქართველებისთვის პირველი იყო. ექტორ რაულ კუპერი ძალიან ცდილობდა, რომ ირლანდიას თბილისში დავხვედროდით, თუმცა უეფამ ამის ნება არ დაგვრთო. გერმანული შეხვედრა 1-2, ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა, დოილისა და ველანის გოლებს ლევან ყენიამ უპასუხა. პირველად კი ირლანდია თბილისს 2003 წლის მარტში ეწვია. "ლოკომოტივზე" გამართული დაპირისპირებაც მათი გამარჯვებით, 1-2 დასრულდა, მაშინ ქართველთაგან კობიაშვილმა გაიტანა. რაც შეეხება ჩვენს უკანასკენლ თამაშს ირლანდიასთან, იგი შარშან, მაშინაც 7 სექტემბერს შედგა. ყველას კარგად ახსოვს მატჩის წინ რას ამბობდა თემურ ქეცბაია, რომელიც ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ხოლო რა სიტუაცია იყო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესეც გასაგებია. ირლანდიელებმა მაკგის დუბლით მოგვიგეს, რომელსაც ოქრიაშვილმა ზღაპრული სილამაზის გოლით უპასუხა.

ირლანდიას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც შევხვდებით, თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა თუ ჩვენი ბიჭები საკუთარ ძალებს ირწმუნებენ და ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს ხვალ საბოლოოდ დავანახებთ, რომ სამომავლოდ ჩვენთან წინასწარ რამის დაგეგმვა არ შეიძლება. ამ ყველფრის იმედს კახა ცხადაძის შემართება, ჩვენი ფეხბურთელების ოპტიმიზმი და შოტლანდიასთან ნაჩვენები თამაშის ხარისხი გვაძლევს. ასე რომ, დუბლინში დაკარგული პრესტიჟის აღსადგენად...
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        6-09-2015, 13:27

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ