image

კახა ცხადაძის მეათე მატჩი მთავარი მწვრთნელის პოსტზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2015 წლის სეზონს ტირანაში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს. კახა ცხადაძის გუნდი უკვე ხუთი დღეა ალბანეთის დედაქალაქში იმყოფება და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდთან სათამაშოდ ემზადება.

მატჩის წინა ბოლო ვარჯიში ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის მასპინძელ "ქემალ სტაფას" სტადიონზე ჩაატარეს. სავარჯიშო პროცესი ერთ საათს გაგრძელდა და მასში 23 ქართველი ფეხბურთელი მონაწილებდა. ტირანაში მყოფი ეროვნული გუნდის თითოეული წევრი ჯანმრთელადაა და ალბანეთთან შეხვედრის მოლოდინშია.

47 წლის სპეციალისტისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალბანეთთან მატჩი მეათე შეხვედრა იქნება. დღემდე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ 13 მატჩით აქვთ ჩატარებული. მათ შორის 8 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 3 ალბანელებმა მოიგეს, 2 მატჩში კი ფრე დაფიქსირდა. ალბანეთში ბოლო ამხანაგური თამაში ჩვენმა გუნდმა 2013 წლის თებერვალში ჩაატარა და საქართველოს ნაკრებმა 2:1 გაიმარჯვა. გოლები მათე ვაწაძემ და უჩა ლობჟანიძემ გაიტანეს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ალბანეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ალბანეთი ჯგუფში მხოლოდ პორტუგალიის ნაკრებს ჩამორჩა, საგზურისთვის ბრძოლაში კი დანიის, სერბეთისა და სომხეთის ნაკრებებს აჯობა. ამ დროისთვის ალბანეთი ფიფას რეიტინგის 36-ე ნაკრებია. ალბანეთმა ბოლო ამხანაგური თამაში 14 ნოემბერს, კოსოვოში ჩაატარა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ალბანეთისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი "ქემალ სტაფას" სტადიონზე, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მატჩის ტელე-რეპორტაჟი ქართულ სატელევიზიო სივრცეში არ იგეგმება.

სფფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        16-11-2015, 13:39

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ