image

იქნება თუ არა ნეიმარი ნაკრებში, ჯერაც გაურკვეველია

მომავალი ზაფხული სანაკრებო მატჩების მხრივ ძალიან დატვირთული იქნება. ევროპის გრანდებში მოთამაშე ფეხბურთელთა ნაწილი ევროპის ჩემპიონატზე გაირჯება, ხოლო მეორე ნაწილი აშშ-ის მიაშურებს, სადაც ივნისში კოპა ამერიკის გათამაშება უნდა გაიმართოს. ამასთან ერთად, უკვე აგვისტოში ოლიმპიური თამაშები იწყება, სადაც მედლები, რა თქმა უნდა, ფეხბურთშიც გათამაშდება.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მონაწილეობას კოპა ამერიკაზეც მიიღებს და ასევე საკუთარ სამშობლოში ოლიმპიური ოქროს მედლისთვის გაირჯება. გუნდის ხელმძღვანელობა საკუთარ მთავარ დასაყრდენად "ბარსელონას" ვარსკვლავს ნეიმარს მოიაზრებს, თუმცა კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობა უარზეა მისმა ფეხბურთელმა ორივე ტურნირზე ითამაშოს, ვინაიდან დატვირთვა საკმაოდ დიდია და მომავალი სეზონის წინ არ სურთ ფეხბურთელი გადაღლილობის გამო ოპტიმალური ფორმიდან ამოვარდნილი იყოს.

თუმცა, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს განცხადებით, ნეიმარს "ბარსელონა" იმ შემთხვევაში მისცემს ორივე სანაკრებო ტურნირზე გამოსვლის უფლებას, თუ მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანა", შარშანდელის მსგავსად, კოპა დელ რეის, ესპანეთის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის "ბარსა" სამივე ფრონტზე წარმატებით ასპარეზობს. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური თამაში მოიგო, ესპანეთის ჩემპიონატში უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს, ხოლო ესპანეთის თასის ფინალის საგზური უკვე მოიპოვა.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        7-04-2016, 22:48

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ