image

მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა

გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის მსვლელობისას კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის შეხვედრის არბიტრმა გერმანელმა ფელიქს ბრიხმა ფერნანდო ტორესს მცირე მონაკვეთში 2 ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ტორესის გაძევებამდე "ატლეტიკო" 0:1 იგებდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 2:1 წააგო. ამ მომენტის შემდეგ "ბარსას" მიმართ კრიტიკა არ წყდებოდა გულშემატკივართა შორის. ბევრი კატალონიურ გიგანტს როგორც "უეფალონას" ისე მოიხსენიებდა. ბევრიც იმაზე საუბრობს, რომ მსაჯებში დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ისინი რიგ მომენტებში "ბარსელონას" მხარეს იჭერენ და გადაწყვეტილებებს მათ სასარგებლოდ იღებენ. Goal.com-მა წარსულს გადახედა და არბიტრების მიერ "ბლაუგრანას" სასარგებლოდ გამოტანილი 10 ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება მიმოიხილა.


10) "ბარსელონა" - "გიოტენბორგი" 3:0 (1986)

1986 წელს "ბარსელონა" საკუთარ პირველ ევროპულ ტიტულთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ესპანელები შვედურ "გიოტენბორგთან" მოულოდნელად 0:3 დამარცხდნენ. განმეორებითი შეხვედრა "კამპ ნოუზე" შედგა, რომლის ძირითადი დრო "ბარსამ" 3:0 მოიგო, ხოლო პენალტების სერიაში 5:4 იმარჯვა და სკანდინავიელები ასპარეზობას გამოთიშა, თუმცა მატჩის მსვლელობისას 2 ძალიან სკანდალური ფაქტი მოხდა. როდესაც ანგარიში 1:0 იყო, "გიოტენბორგმა" 2 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ისინი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილად მიიჩნია და გააუქმა. განსაკუთრებით საინტერესო მეორე მომენტი იყო, როდესაც თავიდან არბიტრმა შვედებს გოლი ჩაუთვალა, თუმცა როდესაც "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მასთან კამათი დაიწყეს, გადაწყვეტილება შეცვალა.


9) "ბარსელონა" - "ჩელსი" 2:1 (2005)

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "კამპ ნოუზე" "ჩელსი" პირველი ნახევრის შემდეგ 0:1 იგებდა, თუმცა მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. მატჩის მთავარმა მსაჯმა ანდერს ფრისკმა ვიქტორ ვალდესთან შეჯახების შემდეგ დიდიე დროგბა მოედნიდან საკამათო ვითარებაში გააძევა. ამის შემდეგ "ბარსელონამ" შეხვედრის სცენარი შეცვალა, მაქსი ლოპესმა და სამუელ ეტო'ომ კატალონიელებს გამარჯვება მოუტანეს. შეხვედრის შემდეგ ჟოზე მოურინიო მსაჯების ოთახში შევიდა და იქ რა მოხდა, არავინ იცის.


8) "ჩელსი" - "ბარსელონა" 1:2 (2006)

ერთი წლის შემდეგ "ბარსა" და "ჩელსი" ერთმანეთს კვლავ მერვედფინალში შეხვდნენ. ორი მატჩის ჯამში გამარჯვება კატალონიელებმა მოიპოვეს (4:2), თუმცა ისევ საეჭვო ვითარებაში. განმეორებითი შეხვედრის პირველ ტაიმში "სტემფორდ ბრიჯზე" ლიონელ მესის წინააღმდეგ უხეშობისთვის ასიერ დელ ორნომ წითელი ბარათი მიიღო, თუმცა იმ მომენტში მსაჯს სხვაგვარად მოქცევაც შეეძლო. იმ დროს ანგარიში 0:0 იყო, საბოლოოდ კი მატჩი კატალონიელებმა 1:2 მოიგეს. აი, რა განაცხადა მოურინიომ თამაშის დასრულების შემდეგ: "ქალაქი ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი კულტურული კერაა, მათი გუნდიც მოედანზე ყოველთვის კარგ თეატრალურ წარმოდგენას დგამს".


7) "ბარსელონა" - "არსენალი" (2006)

2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მე-18 წუთზე მსაჯმა იენს ლემანი გააძევა. ამის მიუხედავად, "არსენალმა" დაწინაურება მაინც შეძლო, თუმცა შეხვედრის მეორე ტაიმში "ბარსამ" სიტუაცია გამოასწორა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო ისტორიაში მეორედ დაისაკუთრა.


6) "ჩელსი" - "ბარსელონა" 1:1 (2009)

ძველი ნაცნობების კიდევ ერთი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. პირველი მატჩი ესპანეთში 0:0 დასრულდა, განმეორებით დაპირისპირებაში კი ანგარიში ლონდონელებმა გახსნეს, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ანდრეს ინიესტამ შორიდან გაისროლა და თავისიანები ფინალში გაიყვანა. იმ მატჩის არბიტრი ტომ ჰენინგ ოვრებო ყველას ძალიან კარგად ახსოვს. მან თამაშის მსვლელობისას "ბარსას" სასარგებლოდ ბევრი საკამათო ეპიზოდი გადაწყვიტა, მათ შორის რამდენჯერმე არ დანიშნა პენალტი საჯარიმოში ხელით თამაშისთვის. მოვლენების დასრულების შემდეგ პირდაპირ მოედანზევე დიდიე დროგბა ოვრებოს უწმაწური სიტყვებით მოიეხსენიებდა. ამის შემდეგ აღნიშნული არბიტრი უეფას ეგიდით ჩატარებულ თამაშებზე აღარ გვინახავს.


5) "ბარსელონა" - "ინტერი" 1:0 (2010)

მატჩი, რომელშიც რამდენიმე საკამათო ეპიზოდი "ბარსას" საწინააღმდეგოდაც გადაწყვიტეს. ამ ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი რაუნდი იტალიაში "ინტერმა" 3:1 მოიგო, მეორე თამაშში კი ჟოზე მოურინიომ "ბლაუგრანას" საოცრად დაცვითი ტაქტიკა შესთავაზა. მატჩის პირველ ტაიმში ტიაგო მოტა ლომბარდიელებს საკამათო ვითარებაში გაუძევეს, თუმცა "ნერაძურიმ" სასურველ შედეგს მძიმე ბრძოლის შემდეგ მაინც მიაღწია. ალბათ ყველას გვახსოვს იმ შეხვედრიდან სერხიო ბუსკეტსის ცნობილი "გამოხედვა".


4) "ბარსელონა" - "არსენალი" 3:1 (2011)

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც "მეთოფეებს" "ბარსელონას" საპლეიოფო ეტაპიდან გამოთიშვის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ. ლონდონში მოგებული მატჩის შემდეგ (2:1), არსენ ვენგერმა ჟოზე მოურინიოსებრი ტაქტიკა აირჩია და მის გუნდს კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამს, თუმცა სერხიო ბუსკეტსის ავტოგოლის წყალობით იგი მიზანთან ახლოს იყო. ანგარიშზე 1:1 მატჩის მთავარმა არბიტრმა რობინ ვან პერსის მეორე ყვითელი ბარათი იმის გამო უჩვენა, რომ სასტვენის შემდეგ "ბარსელონას" კარისკენ დაარტყა. მსგავს სიტუაციაში არბიტრს ფეხბურთელი მოედნიდან გაეძევებინოს, ალბათ ფეხბურთის ქომაგს არ გაახსენდება. კაცნაკლულ "არსენალთან" შეხვედრის ბედი "ბლაუგრანამ" უკვე მარტივად გადაწყვიტა.


3) "რეალი" - "ბარსელონა 0:2 (2011)

ისევ ჟოზე მოურინიო, ამჯერად მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, რომელიც მაყურებელს ლიონელ მესის დაუჯერებელი გოლით ემახსოვრება. ამ შეხვედრიდან კიდევ ერთი მომენტი იპყრობს ყურადღებას, კერძოდ, პორტუგალიელი პეპეს მოედნიდან გაძევება დანი ალვეშთან უხეშობის გამო. არავინ იცის, პეპეს ცუდმა რეპუტაციამ მოახდინა გავლენა არბიტრზე, თუ რამ, მაგრამ გამეორებებიდან კარგად გამოჩნდა, რომ პორტუგალიელი ბრაზილიელს იმ მომენტში საერთოდ არ შეხებია. ეპიზოდის შემდეგ კამათისთვის მსაჯმა პეპეს ჟოზე მოურინიოც მიაყოლა. ნამატჩევს "განსაკუთრებულმა" განაცხადა: " 2009 წელს "ბარსელონა" "ჩელსის" სკანდალურად გაცდა, იგივე ხდება დღესაც. იმედი მაქვს, ისინი ერთ დღეს ტიტულს პატიოსნად მოიგებენ".


2) "ბარსელონა" - "მილანი" 3:1 (2012)

"სან სიროზე" ნულოვანი ფრის შემდეგ "კამპ ნოუზე" ანტონიო ნოჩერინოს ადრეული გოლის წყალობით "როსონერი" დაწინაურდა, თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე "ბარსა" უკვე 2:1 იგებდა, ორივე ბურთი ლიონელ მესიმ პენალტიდან გაიტანა. მეორე პენალტის ეპიზოდი განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა, როდესაც არბიტრმა კუთხურისას საჯარიმოში ალესანდრო ნესტა სერხიო ბუსკეტსის წინააღმდეგ უხეშობაში დაადანაშაულა. ეს მომენტი იდენტური იყო ყველა იმ მომენტისა, რომელსაც ყოველ კვირას ვხედავთ. კერძოდ, ალბათ ფეხბურთის გულშემატკივარს არ გაახსენდება ეპიზოდი, როდესაც კუთხურის ჩაწოდების დროს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები საჯარიმოში ერთმანეთს არ ეძიძგილავებოდნენ, ასეთ დროს პენალტი ფაქტობრივად არ ინიშნება. ნესტასა და ბუსკეტსის ეპიზოდმა მატჩზე უდიდესი გავლენა იქონია, ამის შემდეგ "ბლაუგრანას" მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი კითხვისნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. ნამატჩებს იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა: "ფაქტია, რომ უეფა ყველანაირად ცდილობს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "რეალი" და "ბარსელონა" შეახვედროს".


1) "ბარსელონა" - "ატლეტიკო" 2:1 (2016)

მომენტი, რომლითაც საუბარი დავიწყეთ. მეოთხედფინალის პირველი რაუნდი "როხიბლანკოს" კარნახით მიდიოდა, თუმცა ფელიქს ბრიხმა ტორესს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა და ამის შემდეგ მადრიდელთათვის ყველაფერი აირია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, იქონიებს თუ არა გავლენას აღნიშნული ეპიზოდი ორმატჩიან დუელში გამარჯვებულის გამოვლენაზე. ყველაფერი 13 აპრილს "ვისენტე კალდერონზე" გაირკვევა.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        11-04-2016, 23:55

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ