image

საჩემპიონო რეზიუმე შევსებულია

როლან გაროსის 2016 წლის გათამაშება მამაკაცთა შორის ისტორიული გამოდგა. სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფინალში ბრიტანელ ენდი მარის 3:6, 6:1, 6:2, 6:4 მოუგო და ისტორიაში გახდა მერვე ჩოგბურთელი, რომელმაც ოთხივე დიდი სლემის ტურნირზე (ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი, უიმბლდონი, ამერიკის ღია პირველობა) მთავარი ჯილდოს თავსზემოთ აღმართვა მოახერხა.

უშუალოდ მატჩის პერიპეტიებს თუ მივყვებით, პირველი სეტის პირველი გეიმი სერბმა მეტოქის ჩაწოდებაზე მოიგერია, თუმცა შემდეგ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და სეტში გამარჯვება ბრიტანელს დარჩა. ამის შემდეგ კი კორტზე ერთადერთი ადამიანი დომინირებდა და ეს ჯოკოვიჩი იყო. მეორე სეტის საწყის ეტაპზე შესრულებული ბრეიქი ნოლემ მალე კიდევ უფრო გაამყარა და სეტი დამაჯერებლად მოიგო, იგივე გამეორდა მესამე და მეოთხე პარტიაშიც, თუმცა მეოთხე სეტის ბოლოს, ანგარიშზე 5:2, მარიმ ჯოკოვიჩის ჩაწოდება მოიგერია და სერბის გულშემატკივრები აანერვიულა, თუმცა ამ უკანასკნელმა ყველაფერი სწრაფადვე დააბრუნა კალაპოტში და ისტორიული შედეგის მფლობელადაც მოგვევლინა.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ამ ეტაპზე 12 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ რაფაელ ნადალს (14), პიტ სამპრასსა (14) და როჯერ ფედერერს (17) ჩამორჩება. უნდა ითქვას, რომ ნოვაკმა შარშანდელი როლან გაროსის ფინალის შემდეგ, რომელიც შვეიცარიელ სტენ ვავრინკასთან წააგო, ოთხიდან ოთხივე სლემი მოიგო, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ასევე, ჯოკოვიჩს კიდევ აქვს უნიკალური შანსი, გახდეს პირველი მოთამაშე, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში ოთხივე დიდი სლემის ტურნირს მოიგებს, ამასთან ერთად, სერბს რიოში, ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვების ძალიან კარგი შესაძლებლობა გააჩნია.

მომავალი კვირიდან ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგში პირველ პოზიციაზე კიდევ უფრო მყარად მოიკიდებს ფეხს და ვინ იცის, ოთხჯერ წაგებული ფინალის შემდეგ საბოლოოდ როლან გაროსის მოგება, როგორ აისახება მის კარიერაზე. შესაძლოა, წლის ბოლოს ჩოგბურთისა და ზოგადად სპორტის ისტორიაში უნიკალური მოვლენის მომსწრენი გავხდეთ.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        5-06-2016, 21:17

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ