image

რიო დე ჟანეირო 2016: ოლიმპიური დღიურები - 20 აგვისტო

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია!

ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა რიო 2016-ზე მეორე ოქრო მოიგო!

საქართველოს 36-ე ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს!

პირველად 2008 წლის შემდეგ, საქართველომ ოლიმპიადაზე ერთზე მეტი ოქროს მედალი მოიგო!

გვჯეროდა! ველოდით! მოვიგეთ!

ლადოსთან ერთად გუშინ მთელმა საქართველომ გაიმარჯვა! დიახ, მთელმა საქართველომ, რადგან არ მეგულება გულშემატკივარი, ვინც წუხანდელი რეპორტაჟი გამოტოვა! დიდი ამბავი იყო აწ უკვე 36-ე ოლიმპიური ჩემპიონის მშობლიურ ქალაქ გორში - დიდი თუ პატარა ელოდა ფავორიტი სპორტსმენის ზეობას და ასე იყო არა მარტო გორში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში... და ეს, გულწრფელად ვიტყვი: დიდებულია!

25 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის 2014 და 2016 წლების ჩემპიონატის გამარჯვებულია, ამავე ტურნირის ვერცხლის პრიზიორი 2011 წელს და ბრინჯაოსი 2013 წელს!

25 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორი და 2014 წლის მეორეადგილოსანია!

25 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია!

25 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2016 წლის 19 აგვისტოს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა! და ოლიმპიურ ჩემპიონად დარჩება მარად, რადგან გუშინ მან მოიგო ტიტული, რომელიც არასდროს გახუნდება და არასდროს გაუფასურდება!

25 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ყველა დიდი ტურნირის მომგები ფალავანი ქართული სპორტის მშვენება და სიამაყეა!

"ჩემი ოცნება ახდა! ეს არის საუკეთესო შეგრძნება, რაც კი განმიცდია"! - ოლიმპიური ოქროს მედლის მოგების შემდეგ ჩემპიონს ბევრი არ უსაუბრია. არც იყო საჭირო. იმ დროს, იმ წუთებში მის სიტყვებზე მნიშვნელოვანი "კარიოკა არენა 2"-ში მისი გამარჯვების აღსანიშნავად აფრიალებული საქართველოს სახელმწიფო დროშა და აჟღერებული ჰიმნი იყო. ამისთვის გულწრფელი მადლობა ლადოს!

რიო დე ჟანეირო 2016: ოლიმპიური დღიურები - 20 აგვისტო
ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი და მისი ტიტულიანი გულშემატკივრები
(ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი)


და თუ ოლიმპიურ ჩემპიონს მადლობას ვწირავთ, არ შეიძლება მადლიერების სიტყვებით არ მოვიხსენიოთ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თავადაც ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი; ლადოს პირადი მწვრთნელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული ბატონი ნუგზარ სხირელი; ჭიდაობის ფედერაციის მესვეურები და ყველა ის ადამიანი, რომელთა საერთო ძალისხმევა გუშინ ოლიმპიური ოქროს მედლით დაფასდა!

"სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას! დღეს ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ! ვფიქრობ, ქართველებზე ბედნიერი ამ წუთებში, ალბათ, არავინაა! ვულოცავ ყველას, პირველ რიგში კი თავად ოლიმპიურ ჩემპიონს ლადო ხინჩეგაშვილს! მის სამწვრთნელო შტაბს, ჭიდაობის ფედერაციას, გულშემატკივრებს! მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უდიდეს წარმატებაში! დღეს ჩვენ ყველანი ამაყები ვართ! სწორედ ასეთი ბედნიერი წუთები სჭირდება ჩვენს ქვეყანას"! - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რომელიც მოჭიდავეთა შეჯიბრს დაესწრო.

"კარიოკა არენის" ტრიბუნებზე მასთან ერთად იყვნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, სპორტის ამ სახეობაში ბარსელონა 92-ის ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი; მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე; სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი; სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი; სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, სეულის 1988 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული და მერვე(!) ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნინო სალუქვაძე; ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული მანუჩარ კვირკველია; ლეგენდარული ძალოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი...

ლადოს ძალიან ბევრი გულშემატკივრობდა! ქართული სპორტის სათავეებთან მდგარი ეს პატივცემული ხალხი და მათი სტატუსი კი ერთადერთი მიზეზით შეგახსენეთ: ურთიერთთანამშრომლობით და თანადგომით ყველაფერია შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფო ღერბსაც ხომ ეს ბრძნული შეგონება ამშვენებს: ძალა ერთობაშია!

"ოლიმპიადა მხოლოდ ტელევიზიით და გადმოცემით ვიცოდი. საკუთარი თვალით ნანახმა კი ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი - ოლიმპიადა მართლაც უდიდესი ფორუმია! შანსი როცა მოგეცემა, უნდა გამოიყენო. აქ სწორედ მაქსიმუმისთვის ვიყავი და ამ პრინციპით გავედი სარბიელზე, თუმცა ფინალში გასული მხოლოდ ვერცხლს დავჯერდი. მართალია ბევრი სპორტსმენისთვის სანატრელი ოლიმპიური ვერცხლის მედალი უკვე მოპოვებული მაქვს, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ბრძოლის ჟინი არ გამნელებია და არც გამინელდება, სანამ მიზანს არ მივაღწევ", - ეს სიტყვები ლადომ 2012 წლის სექტემბერში განუცხადა გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტს ვასილ ბალახაძეს.

ვისაც ლონდონური ფინალი ახსოვს, მსაჯების უნამუსობაც ემახსოვრება: რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან გადამწყვეტ პაექრობაში, ლადოს მეორე პერიოდის მიწურულს შესრულებული ილეთი არ ჩაუთვალეს, მეტიც, ნუგზარ სხირელის პროტესტი არ გაითვალისწინეს და ქულა რუსს მიანიჭეს. ოთარსულთანოვი ჩემპიონი გახდა, ბატონმა ნუგზარმა კი ყველას გასაგონად თქვა: "ჩემთვის ლადოა ოლიმპიური ჩემპიონი"!

ლონდონური ფინალის მსაჯების უსაქციელობა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამაც აღიარა, ის არბიტრები ერთი წლით მოკვეთეს, მაგრამ ამით ლადოს ოლიმპიური მედალი არ შეცვლილა - საამაყო, მაგრამ მაინც ვერცხლი ვერცხლად დარჩა.

რიო დე ჟანეირო 2016: ოლიმპიური დღიურები - 20 აგვისტო
რიო 2016-ის ჩემპიონი ჩვენი სპორტის ლეგენდების, ოლიმპიური ჩემპიონის ნინო სალუქვაძის და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის გარემოცვაში
(ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი)


თუმცა, გავიდა ოთხი წელიწადი და ოლიმპიური ვერცხლი თავად ქართველმა ფალავანმა და მისმა მწვრთნელმა გადაცვალეს ოქროზე! მოთმინებით, შრომით, მიზანდასახულობით და ბრწყინვალე ჭიდაობით!

რიო დე ჟანეიროში ლადოს პირველი მეტოქე ყაზახი ნურისლამ სანაიევი გახლდათ. გააზრებული ტაქტიკა, აუღელვებელი ჭიდაობა და 4:3 - ლადო 1/4-ფინალში გავიდა.

მომდევნო მეტოქე აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი იყო, ლადოს დარად მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, თუმცა "ზედა" - 61კგ წონაში. მას შემდეგ აზერბაიჯანელმა "ლადოს წონაში" გადაინაცვლა და ახალ კატეგორიაში წლევანდელი ევროპირველობის ბრინჯაოც მოიგო. 5:3 და ქართველი 1/2-ფინალში გავიდა! როცა ალიევთან ლადოს ბრძოლას ვიხსენებ (და ეს ზუსტად რომ ბრძოლა იყო ნაცვლად სამართლიანი ჭიდაობისა), კორეელი არბიტრის არცთუ ლამაზი საქციელი მახსენდება, როცა მან მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს ორი ქულა არ მიანიჭა და გადაწყვეტილება მხოლოდ ნუგზარ სხირელის პროტესტის შემდეგ შეცვალა. გულდასაწყვეტია, რომ სპორტის ეს ლამაზი და ანტიკური სახეობა ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა უსამართლო ფსევდო-არბიტრებისგან...

საჭიდაო ხალიჩაზე მესამედ გასული ლადოს წინააღმდეგ ბულგარელი ვლადიმირ დუბოვი ვიხილეთ, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და 2013 წელს თბილისში გამართული ევროპირველობის ვიცე-ჩემპიონი. ვიყოთ სამართლიანები: დუბოვმა კარგად დაიწყო და მოხდენილი ილეთებით მალე 4:0-იც დაწინაურდა. მაგრამ ეს იყო და ეს: ლადო მთელი ძალით ამოქმედდა და მსაჯის საფინალო სასტვენისთვის ტაბლოზე უკვე 8:4 ენთო მის სასარგებლოდ!

ვერცხლის მედალი განაღდებული იყო, თუმცა ლადო რიოში მეორე ადგილის დასაკავებლად რომ არ იყო ჩასული, ეს მისმა გულშემატკივრებმა ძალიან კარგად ვიცოდით და მით უმეტეს, თავად ლადომ. ისიც და ჩვენც, მთელი საქართველო მხოლოდ ოქროს ველოდით!

და ვინ იყო ფინალში მეტოქე? 20 წლის იაპონელი რეი ჰიგუჩი, ტურნირის აღმოჩენა, რომელმაც 1/16-ფინალიდან დაიწყო ასპარეზობა, ნახევარფინალში კი ტიტულიანი ირანელი ჰასან რაჰიმი დაამარცხა.

პირველი პერიოდი რეი ჰიგუჩიმ მოიგო, მაგრამ ფინალი ლადომ - 4:3! და ლადო ოლიმპიური ჩემპიონი გახდა! ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა მწვერვალი დაიპყრო!

და ქართული ჭიდაობის ლეგენდების, თავისუფალი სტილით ოლიმპიური ჩემპიონების დავით ციმაკურიძის (ჰელსინკი, 1952), მირიან ცალქალამანიძის (მელბურნი, 1956), ლევან თედიაშვილის (მიუნხენი, 1972 და მონრეალი, 1976), დავით გობეჯიშვილის (სეული, 1988), ლერი ხაბელოვის (ბარსელონა, 1992) და რევაზ მინდორაშვილის (პეკინი, 2008) გვერდით დადგა!

ლადო რიო 2016-ის მეორე ქართველი ჩემპიონია!

ლადო 36-ე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია!

ვულოცავ მას და ყველა თქვენგანს!

19 აგვისტოს მედალოსნები

თავისუფალი ჭიდაობა
ვაჟები; 57კგ

1.ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
2.რეი ჰიგუჩი (იაპონია)
3.ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი) და ჰასან რაჰიმი (ირანი)
...ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
1/8-ფინალი: ნურისლამ სანაიევი (ყაზახეთი) - 4:3
1/4-ფინალი: ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი) - 5:3
1/2-ფინალი: ვლადიმირ დუბოვი (ბულგარეთი) - 8:4
ფინალი: რეი ჰიგუჩი (იაპონია) - 4:3

ვაჟები; 74კგ
1.ჰასან იაზდანი (ირანი)
2.ანიუარ გედუევი (რუსეთი)
3.ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი) და სონერ დემირთაში (თურქეთი)
...იაკობ მაქარაშვილი
1/8-ფინალი: გეორგი ივანოვი (ბულგარეთი) - 13:8
1/4-ფინალი: ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი) - 0:11


მძლეოსნობა
ვაჟები; 4X100 ესტაფეტა

1.იამაიკა - 37.27წმ
(ასაფა პაუელი, იოჰან ბლეიკი, ნიკელ აშმეადე, უსეინ ბოლტი)
2.იაპონია - 37.60წმ
(რიოტა იამაგატა, შოთა ლიზუკა, იოშიჰიდე კირიუ, ასუკა კემბრიჯი)
3.კანადა - 37.64წმ
(აკეემ ჰეინსი, აარონ ბრაუნი, ბრენდონ როდნი, ანდრე დე გრასი)
ვაჟები; 50კმ სპორტული სიარული
1.მატეი ტოტი (სლოვაკეთი) - 3:40:58სთ
2.ჯარედ ტალენტი (ავსტრალია) - 3:41.16სთ
3.ჰიროოკი არაი (იაპონია) - 3:41.24სთ
ვაჟები; უროს ტყორცნა
1.დილშოდ ნაზაროვი (ტაჯიკეთი) - 78.68მ
2.ივან ციხანი (ბელარუსი) - 77.79მ
3.ვოიცეხ ნოვიცკი (პოლონეთი) - 77.73მ
ქალები; 5000მ
1.ვივიან შერუიო (კენია) - 14:26.17წთ
2.ელენ ონსანდო ობირი (კენია) - 14:29.77წთ
3.ალმაზ აიანა (ეთიოპია) - 14:33.59წთ
ქალები; 4X100 ესტაფეტა
1.აშშ - 41:01წმ
(ტიანა ბარტოლეტა, ელისონ ფელიქსი, ინგლიშ გარდნერი, ტორი ბოუი)
2.იამაიკა - 41.36წმ
(კრისტანია უილიამსი, ელეინ ტომპსონი, ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი)
3.დიდი ბრიტანეთი - 41.77წმ
(ეშა ფილიპი, დეზირე ჰენრი, დინა ეშერ-სმიტი, დერილ ნეიტა)
ქალები; 20კმ სპორტული სიარული
1.ჰონგ ლიუ (ჩინეთი) - 1:28:35სთ
2.მარია გვადალუპე გონსალესი (მექსიკა) - 1:28:37სთ
3.ხიუჟი ლიუ (ჩინეთი) - 1:28:42სთ
ქალები; ჭოკით ხტომა
1.ეკატერინი სტეფანიდი (საბერძნეთი) - 4.85მ
2.სანდი მორისი (აშშ) - 4.85მ
3.ელიზა მაკარტნი (ახალი ზელანდია) - 4.80მ

ბადმინტონი
ვაჟები; წყვილი

1.ჰაიფენგ ფუ და ნან ჟანგი (ჩინეთი)
2.გო ვ შემი და ტაე ვე კიონგი (მალაიზია)
3.მარკუს ელისი და კრის ლენგრიჯი (დიდი ბრიტანეთი)
ქალები
1.კაროლინა მარინი (ესპანეთი)
2.პ ვ სინდუ (ინდოეთი)
3.ნოზომი ოკუჰარა (იაპონია)

კრივი
ქალები; 60კგ

1.ესტელ მოსელი (საფრანგეთი)
2.იუნჰუია უინი (ჩინეთი)
3.მირა პოტკონენი (ფინეთი) და ანასტასია ბელიკოვა (რუსეთი)

ველოსპორტი
ვაჟები; BMX
1.კონორ ფილდსი (აშშ)
2.იელე ვან გორკომი (ჰოლანდია)
3.კარლოს რამირესი (კოლუმბია)
ქალები; BMX
1.მარიანა პახონი (კოლუმბია)
2.ელის პოსტი (აშშ)
3.სტეფანი ერნანდესი (ვენესუელა)

ცხენოსნობა
კონკური

1.ნიკ სკელტონი (დიდი ბრიტანეთი)
2.პედერ ფრედრიკსონი (შვედეთი)
3.ერიკ ლამაზე (კანადა)

ბალახის ჰოკეი
ქალები

1.დიდი ბრიტანეთი
(მედი ჰინჩი, ლაურა ანსვორთი, კრისტა კალენი, ჰანა მაკლეოდი, ჯორჯი ტვიგი, ელენ რიჩარდსონ-უოლში, სუზანა თაუნსენდი, კეიტ რიჩარდსონ-უოლში, სემ ქუეკი, ალექს დენსონი, ჟიზელ ენსლი, სოფი ბრეი, ჰოლი ვები, შონა მაკელინი, ლილი ოუსლი, ნიკოლა უაითი)
2.ჰოლანდია
(ჯოის სომბროეკი, შენ დე ვაარდი, კიტი ვან მეილი, ლორიენ ლორინკი, ვილემიინ ბოსი, მარლო კეეტელსი, კარლენ დირკსე ვან დენ უველი, კელი იონკერი, მარია ვერშოორი, ლიდევი ველტენი, კაია ვან მაასაკერი, მაარტი პაუმენი, ნაომი ვან ესი, ელენ ჰოოგი, მარგო ვან გეფენი, ევა დე გოედე)
3.გერმანია
(ნიკე ლორენცი, სელინ ორუზი, ანე შრიოდერი, ლიზა შიუცე, შარლოტ სტაპენჰორსტი, იანე მიულერ-ვიელანდი, ჰანა კრიუგერი, იანა ტეშკე, ლიზა ალტენბურგი, ფრანცისკა ჰაუკე, სესილ პიპერი, მარი მავერსი, ანიკა სპრინკი, ჯულია მიულერი, პია-სოფი ოლდჰაფერი, კრისტინა რეინოლდსი, კატარინა ოტე)

ფეხბურთი
ქალები

1.გერმანია
(ალმუტ შულტი, ჯოზეფინ ჰენინგი, სასკია ბარტუსიაკი, ლეონი მაიერი, ანიკე კრანი, სიმონე ლოდერი, მელანი ბერინგერი, ლენა გოესლინგი, ალექსანდრა პოპი, ჯენიფერ მაროშანი, ანია მიტაგი, ტაბეა კემე, სარა დიაბრიცი, ბაბეტ პეტერი, მენდი ისლაკერი, მელანი ლეუპოლცი, იზაბელ კერხოვსკი, ლაურა ბენკართი, სვენია ჰუტი)
2.შვედეთი
(ჰედვიგ ლინდალი, იონა ანდერსონი, ლინდა სემბრანტი, ემა ბერგლუნდი, ნილა ფიშერი, მაგდალენა ერიკსონი, ლიზა დალკვისტი, ლოტა შელინი, კოსოვარე ასლანი, სოფია იაკობსონი, სტინა ბლეკსტენიუსი, ოლივია შოგი, ფრიდოლინა როლფო, ემილია აპელკვისტი, ჯესიკა სამუელსონი, ელინ რუბენსონი, კაროლინ სეგერი, ჰილდა კარლენი, პაულინე ჰამარლუნდი)
3.კანადა
(სტეფანი ლაბე, ალიშა ჩეპმენი, კადეიშა ბუჩენენი, შელინა ზადორსკი, რებეკა ქუინი, დეანე როუზი, რაიან უილკინსონი, დაიანა მათესონი, ჯოზი ბელანგერი, ეშლი ლოურენსი, დეზირე სკოტი, კრისტინე სინკლერი, სოფი შმიდტი, მელისა ტანკრედი, ნიშელ პრინსი, ჯანინე ბეკი, ჯესი ფლემინგი, საბრინა დ’ანჯელო)

თანამედროვე ხუთჭიდი
ქალები

1.ხლოი ესპოზიტო (ავსტრალია) - 1372 ქულა
2.ელოდი კლოველი (საფრანგეთი) - 1356
3.ოკტავია ნოვაცკა (პოლონეთი) – 1349

სინქრონული ცურვა
გუნდური

1.რუსეთი
(ვლადა ჩიგირევა, ნატალია იშჩენკო, სვეტლანა კოლესნიჩენკო, ალექსანდრა პატკევიჩი, ელენა პროკოფიევა, სვეტლანა რომაშინა, ალა შიშკინა, მარია შუროჩკინა, გელენა ტოპილინა)
2.ჩინეთი
(ხუეშენ უანგი, ვენიან სუნი, ლი გუო, ხიაო გუ, მენგნი ტანგი, ხიაოლუ ლი, ჟენ ზენგი, ხინპინგ ლიანგი, ჩენგშინ უინი)
3.იაპონია
(აიკა ჰაკოიამა, იუკიკო ინუი, კეი მარუმო, რისაკო მაცუი, კანამი ნაკამაკი, მაი ნაკამურა, ომატა კანო, იოშიდა კურუმი, აიკო ჰაიაში)

ტაეკვონდო
ვაჟები; 80კგ

1.ჩეიკ სალა სისე (კოტ დ’ივუარი)
2.ლუტალო მუჰამადი (დიდი ბრიტანეთი)
3.ოსამა უესლატი (ტუნისი) და მილად ბეიგი (აზერბაიჯანი)
ქალები; 67კგ
1.ჰუე-რი ო (სამხრეთი კორეა)
2.ჰაბი ნიარე (საფრანგეთი)
3.რუთ გბაგბი (კოტ დ’ივუარი) და ნურ ტატარი (თურქეთი)

წყალბურთი
ქალები

1.აშშ
(სამანტა ჰილი, მედელინ მუსელმანი, მელისა სიდემანი, ფეიჩელ ფატალი, არია ფიშერი, მეგი სტეფენსი, კორტნი მეტიუსონი, კილი ნოშული, კეროლინ კლარკი, კელეიგ ჯილქრისტი, მაკენზი ფიშერი, კამი კრეიგი, ეშლი ჯონსონი)
2.იტალია
(ჯულია გორლერო, კიარა ტაბანი, არიანა გარიბოტი, ელისა კუეიროლო, ფედერიკა რადიჩი, როსარია აიელო, ტანია დი მარიო, რობერტა ბიანკონი, ჯულია ენრიკა ემოლო, ფრანჩესკა პომერი, ალექსანდრა კოტი, ტერეზა ფრასინეტი, ლაურა ტეანი)
3.რუსეთი
(ანა უსტიუხინა, ნაძეჟდა ფედოტოვა, ეკატერინა პროკოფიევა, ელვინა კარიმოვა, მარია ბორისოვა, ოლგა ბელოვა, ეკატერინა ლისუნოვა, ანასტასია სიმანოვიჩი, ანა ტიმოფეევა, ევგენია სობოლევა, ევგენია ივანოვა, ანა გრინევა, ანა კარნაუხი)

  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        20-08-2016, 20:31

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ