image

რა განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ლონდონის ოლიმპიადის ფინალის შემდეგ

მოგეხსენებათ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, 57კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. მოდით, გავიხსენოთ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ფინალში განცდილი მარცხის და ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ რას ამბობდა გორელი სპორტსმენი.

"ოლიმპიადა მხოლოდ ტელევიზიით და გადმოცემით ვიცოდი. საკუთარი თვალით ნანახმა კი ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი - ოლიმპიადა მართლაც უდიდესი ფორუმია! შანსი როცა მოგეცემა, უნდა გამოიყენო. აქ სწორედ მაქსიმუმისთვის ვიყავი და ამ პრინციპით გავედი სარბიელზე, თუმცა ფინალში გასული მხოლოდ ვერცხლს დავჯერდი. მართალია ბევრი სპორტსმენისთვის სანატრელი ოლიმპიური ვერცხლის მედალი უკვე მოპოვებული მაქვს, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ბრძოლის ჟინი არ გამნელებია და არც გამინელდება, სანამ მიზანს არ მივაღწევ", - ეს სიტყვები ლადომ 2012 წლის სექტემბერში განუცხადა გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტს ვასილ ბალახაძეს.

ვისაც ლონდონური ფინალი ახსოვს, მსაჯების უნამუსობაც ემახსოვრება: რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან გადამწყვეტ პაექრობაში, ლადოს მეორე პერიოდის მიწურულს შესრულებული ილეთი არ ჩაუთვალეს, მეტიც, ნუგზარ სხირელის პროტესტი არ გაითვალისწინეს და ქულა რუსს მიანიჭეს. ოთარსულთანოვი ჩემპიონი გახდა, ბატონმა ნუგზარმა კი ყველას გასაგონად თქვა: "ჩემთვის ლადოა ოლიმპიური ჩემპიონი"!

ლონდონური ფინალის მსაჯების უსაქციელობა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამაც აღიარა, ის არბიტრები ერთი წლით მოკვეთეს, მაგრამ ამით ლადოს ოლიმპიური მედალი არ შეცვლილა - საამაყო, მაგრამ მაინც ვერცხლი ვერცხლად დარჩა. თუმცა, გავიდა ოთხი წელიწადი და ოლიმპიური ვერცხლი თავად ქართველმა ფალავანმა და მისმა მწვრთნელმა გადაცვალეს ოქროზე! მოთმინებით, შრომით, მიზანდასახულობით და ბრწყინვალე ჭიდაობით!

აგრეთვე იხილეთ:
"ნადირაძეს აზერბაიჯანის ნაკრებში ხელფასად 3 000 ევროს სთავაზობდნენ"
რიო დე ჟანეირო 2016: ოლიმპიური დღიურები - 20 აგვისტო
როგორ გამოიყურება ოლიმპიური თამაშების პრიზიორის სახლი
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        20-08-2016, 20:45

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ