image

რიო დე ჟანეირო 2016: ოლიმპიური დღიურები - 21 აგვისტო

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი რიო 2016-ის ბრინჯაოს პრიზიორია! გორელმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბრწყინვალედ დაამარცხა ტერველ დლაგნევი და 22 წლისა ოლიმპიურ მედალს დაეუფლა.

XXXI ოლიმპიადის უკანასკნელ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიური გუნდი 7 მედლით ხვდება: ლაშა ტალახაძის და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ორი ოქრო, ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლი, ლაშა შავდათუაშვილის, ირაკლი თურმანიძის, შმაგი ბოლქვაძის და ახლა უკვე გენო პეტრიაშვილის ბრინჯაოც!

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზი: „უკეთ, ვიდრე ლონდონში" გამართლებულია. ჩვენმა ოლიმპიელებმა ლონდონშიც ამდენივე მედალი მოიპოვეს, თუმცა ჩემპიონობა მხოლოდ ერთხელ ვიზეიმეთ.

20 აგვისტოს, ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეს, ოლიმპიადაზე ორი ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ, ორივე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში: სანდრო ამინაშვილი (86კგ) და წლევანდელი ევროპირველობის გამარჯვებული გენო პეტრიაშვილი (125კგ).

მძიმეწონოსნისგან განსხვავებით სანდრო პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა. მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერი, პოლონელი ზბიგნევ ბარანოვსკი გახლდათ. 2:2 და გამარჯვების მომტანი ილეთის შესრულებით, 1/4-ფინალში პოლონელი გავიდა, რომელმაც ოლიმპიადა იქვე დაასრულა - აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან უშანსოდ წაგებით.

გენომ კი შემართებით დაიწყო და ასევე შთამბეჭდავად დაასრულა, თუმცა ეგაა, რომ 1/4-ფინალში დასანანად წააგო ირანელ კომეილ ჯასემისთან და მხოლოდ დამამშვიდებელი წრიდან შეუტია ოლიმპიურ მედალს.

1/16-ფინალში ქართველი ფალავნის მეტოქე ბულგარელი დიმიტარ კუმჩევი იყო. გენომ ნაადრევად, ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა - 11:0. შემდეგ უკრაინელი ალან ზასეიევის დრო დადგა - 11:6. გენო ჯასემისაც უგებდა 3:0-ს, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით წუთით ადრე მეტოქე 4:3 დაწინაურდა. მართალია უკანასკნელი ქულა მეტოქის ხალიჩიდან გადაყვანისთვის ქართველს მიენიჭა და ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ეს ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ორი ორქულიანი ილეთის წყალობით ირანელმა მოიგო.

დამამშვიდებელი წრის ნახევარფინალში ნუგზარ სხირელის კიდევ ერთმა ნიჭიერმა მოწაფემ კანადელ კორი ჯერვისს სძლია - 9:2, ბრინჯაოს მედალი კი ამერიკელ ტერველ დლაგნევთან იოლი გამარჯვებით მოიგო: 10:0 საწყის 31 წამში და ოლიმპიური ბრინჯაო!

"დასამალი არაფერია, აქ მეც ოქროს მედლის მოსაგებად ჩამოვედი, მაგრამ არ გამოვიდა. ირანელთან წაგების გამო გული მწყდება, არ უნდა დავმარცხებულიყავი, თუმცა მეტოქემ მაჯობა და ახლა ვერაფერს შევცვლი. 3:0-ს ვიგებდი... არ უნდა დამეკარგა ასეთი უპირატესობა, მაგრამ რაც იყო, იყო. ვეცდები მომდევნო ოლიმპიადაზე გამოვასწორო შეცდომა. ბევრს ვიშრომებ მწვრთნელებთან და დამხმარე პერსონალთან ერთად. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოლიმპიადაზე ოქროს მოვიგებ", - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ოქრო დიდებული იქნებოდა, მაგრამ არც ბრინჯაოა ურიგო. მით უმეტეს, რომ გენო 22 წლისაა. სხვათა შორის, დიდ ტურნირებზე ეს მისი მეხუთე ბრინჯაოს მედალია. 2013 წელს მსოფლიოს და ევროპის მესამეადგილოსანი გახდა, შარშან კი მსოფლიო პირველობაზე და ევროპის პირველ თამაშებზე მოიგო ბრინჯაო. ერთადერთი ხმაურიანი გამარჯვება მან წლეულს, მარტის დასაწყისში იზეიმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, როცა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ის, რომ გენო კონტინენტური და მსოფლიო პირველობებიდან მედლის გარეშე არ ბრუნდება, უკვე ძალიან კარგია. ახლა მთავარია ჯილდოების ხარისხი გაუმჯობესდეს. მით უმეტეს, რომ პეტრიაშვილს ამის გაკეთება თავისუფლად ხელეწიფება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დღეს დაასრულებენ ოლიმპიადას. კარიოკა არენა 2-ის საჭიდაო ხალიჩაზე რევაზ მინდორაშვილის გუნდის ბოლო ორ წევრს ვიხილავთ: ზურაბ იაკობიშვილი (65კგ) ნიგერიელ ამას დანიელთან ჭიდილით იწყებს, ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) კი სომეხ გიორგი კეტოევთან პაექრობით. თუ მოხდა და რიო 2016-ის უკანასკნელ დღეს კიდევ ერთი მედლით გავიხარეთ, ეს საქართველოს ოლიმპიური გუნდის აბსოლუტური რეკორდი იქნება - ჩვენს ქვეყანას 8 მედალი ოლიმპიადაზე ჯერ არ მოუგია.

რიოს ოლიმპიური დღიურების გუშინდელი, 20 აგვისტოს წერილი მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ტრიუმფს მივუძღვენი, არადა ბევრი რამ იყო სათქმელი. იმის გამო, რომ დღიურების ფორმატი სპორტის ყველა სახეობაზე დაწვრილებით წერის საშუალებას არ იძლევა, ვეცდები 19 და 20 აგვისტოს მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები გამოვარჩიო.

რიო დე ჟანეირო 2016: ოლიმპიური დღიურები - 21 აგვისტო
მძლეოსნობის ლეგენდა... ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ელისონ ფელიქსი

სალომე ფაჟავათი დავიწყებ, რომელმაც ტანვარჯიშის ერთ-ერთ დისციპლინაში - რიტმიკაში იასპარეზა. საკვალიფიკაციო ეტაპი სალომემ კარგად დაიწყო - ბურთით შემდეგ მესამე იყო, მაგრამ მომდევნო ვარჯიშებში ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და მისი შეფასებაც გაუარესდა. ოთხი ვარჯიშის შემდეგ ქართველმა ტანმოვარჯიშემ 69.115 ქულა დააგროვა, ეს კი ათ ფინალისტს შორის მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა. სალომემ სადებიუტო ოლიმპიადა 26 მონაწილეს შორის მე-14 ადგილზე დაასრულა.

19 აგვისტოს კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მსოფლიო სპორტის ლეგენდამ, ყველა დროის ერთ-ერთმა უძლიერესმა მძლეოსანმა და, ახლა უკვე თამამად ვიტყვი, ნომერ პირველმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა! თუმცა, ამჯერად მას თანაგუნდელებიც დაეხმარნენ: იამაიკელებმა 4X100 მეტრზე ესტაფეტა მოიგეს! საოცარი სანახავი იყო ფინიში: სამი მონაწილის შემდეგ იამაიკელებს იაპონელები წამოეწივნენ და თითქოს, ბრძოლაც გაუმართეს, მაგრამ უკანასკნელ ას მეტრზე იამაიკელებს "მომაკვდინებელი იარაღი" - ბოლტი ჰყავდათ და მანაც ისეთი სისწრაფით ჩაიქროლა, მეტოქეებს გონს მოსვლა არ აცალა!

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანი ოლიმპიადებს დიდებულად გამოეთხოვა - ზედიზედ სამ თამაშებზე მოგებული 100, 200 და 4X100-ზე სპრინტები! ასეთი რამ მანამდე ვერავინ შეძლო და მეეჭვება ახლო მომავალში ვინმემ გაიმეოროს. იმიტომ, რომ ზღაპრული მიღწევაა და მას მხოლოდ ლეგენდარული ჩემპიონები თუ შეუტევენ. ისეთები, იამაიკური ზღაპრიდან რომ ვიცნობთ.

მძლეოსანთა ასპარეზობა კიდევ ორმა დიდმა ჩემპიონმა დაამშვენა: ბრიტანელმა სტაიერმა მოჰამედ მო ფარამ ოთხი წლის წინ ლონდონში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა - 10 და 5 კილომეტრზე გარბენები მოიგო, ქალთა შორის კი ამერიკელ სპრინტერს ელისონ ფელიქსს გამოვარჩევდი. 19 და 20 აგვისტოს ამერიკის ქალთა ნაკრებმა 4X100-ზე და 4X400-ზე ესტაფეტა მოიგო, ფელიქსი კი ორივეგან გამორჩეული იყო. და შედეგად, ის უდიადეს ოლიმპიონიკებს გაუთანაბრდა - ფელიქსი პირველი სპრინტერია, რომელმაც ექვსი ოლიმპიური ოქრო მოიგო!

მის „ბრაზილიურ" ტრიუმფზე გითხარით. ლონდონში მან ხსენებულ დისციპლინებს 200 მეტრზე ოქროც დაურთო, არნახული მიღწევისკენ სვლა კი 2008 წელს, პეკინში დაიწყო, სადაც თანაგუნდელებთან ერთად პირველად გაიმარჯვა 4X400-ზე ესტაფეტაში!

ცხრა ოლიმპიური მედლით (ოქროების გარდა ამერიკელი სამი ვერცხლის მფლობელიცაა), ელისონ ფელიქსმა ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერის მერლინ ოტის რეკორდი გაიმეორა - პირველად სწორედ ოტიმ დააგროვა სპრინტში ამდენი ოლიმპიური ჯილდო. თუმცა, მათგან ოქრო ერთიც არაა: სამი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო...

რიო დე ჟანეირო 2016: ოლიმპიური დღიურები - 21 აგვისტო
პირველად საფეხბურთო ისტორიაში... ბრაზილია ოლიმპიური ჩემპიონია!

დღევანდელ წერილს ბრაზილიელი ფეხბურთელების ისტორიული ტრიუმფით დავასრულებ - როჟერიო მიკალეს გუნდმა პირველად მოიგო ოლიმპიადა და ქვეყნის უმდიდრეს საფეხბურთო ისტორიას ის ოქროს ფურცელი შემატა, ასე რომ აკლდა!

ვინც გერმანიასთან ფინალს უყურა, დამეთანხმება, რომ არ იყო სანახაობრივი თამაში. მასპინძლების არ იყოს, ჰორსტ ხრუბეშის გაწვრთნილი გუნდიც პირველად ცდილობდა ოლიმპიადის მოგებას. შედეგად, მეტოქეების ზედმეტმა სიფრთხილემ თამაშის სანახაობრივი მხარე შეიწირა.

ჩემპიონი კი პენალტების სერიაში გაირკვა: ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა ნილს პეტერსენმა - 6 გოლი - მეკარეს ვერ აჯობა, ბრაზილიელთა კაპიტანმა ნეიმარმა კი, რომელმაც პირველ ტაიმში ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, ზუსტად დაარტყა. 5:4 "სელესაოს" სასარგებლოდ!

ორი ბრინჯაოს და სამი ვერცხლის შემდეგ ჩემპიონობის დროც დადგა. პირველად ხუთჯერ აღმართული ფიფას ოქროს თასის და რვაჯერ მოგებული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის შემდეგ.

20 აგვისტოს მედალოსნები

თავისუფალი ჭიდაობა
ვაჟები; 86კგ

1.აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)
2.სელიმ იაშარი (თურქეთი)
3.შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი) და ჯ’დენ კოქსი (აშშ)
...სანდრო ამინაშვილი
1/8-ფინალი: ზბიგნევ ბარანოვსკი (პოლონეთი) - 2:2

ვაჟები; 125კგ
1.ტაჰა აკგული (თურქეთი)
2.კომეილ ჯასემი (ირანი)
3.გენო პეტრიაშვილი და იბრაჰიმ საიდოვი (ბელარუსი)
...გენო პეტრიაშვილი
1/16-ფინალი: დიმიტარ კუმჩევი (ბულგარეთი) - 10:0
1/8-ფინალი: ალან ზასეიევი (უკრაინა) - 11:6
1/4-ფინალი: კომეილ ჯასემი (ირანი) - 4:4
რეპეშაჟი: კორი ჯერვისი (კანადა) - 9:2
III ადგილი: ტერველ დლაგნევი (აშშ) - 10:0


მძლეოსნობა
ვაჟები; 1500მ

1.მეთიუ ცენტროვიცი (აშშ) - 3:50.00წთ
2.ტუფიკ მახლუფი (ალჟირი) - 3:50.11წთ
3.ნიკ უილისი (ახალი ზელანდია) - 3:50.24წთ
ვაჟები; 5000მ
1.მო ფარა (დიდი ბრიტანეთი) - 13:03.30წთ
2.პოლ კიპკემოი ჩელიმო (აშშ) - 13:03.90წთ
3.ჰაგოს გებრივეტი (ეთიოპია) - 13:04.35წთ
ვაჟები; 4X400მ ესტაფეტა
1.აშშ - 2:57.30წთ
(არმან ჰოლი, ტონი მაკქეი, ჯილ რობერტსი, ლაშონ მერიტი)
2.იამაიკა - 2:58.16წთ
(პეტერ მეტიუზი, ნათონ ალენი, ფიცროი დანკლი, ჯევონ ფრენსისი)
3.ბაჰამის კუნძულები - 2:58.49წთ
(ალონსო რასელი, მაიკლ მეტიუ, სტივენ გარდინერი, კრის ბრაუნი)
ვაჟები; შუბის ტყორცნა
1.თომას როლერი (გერმანია) - 90.30მ
2.იულიუს იეგო (კენია) - 88.24მ
3.კეშორნ უოლკოტი (ტრინიდადი და ტობაგო) - 85.38მ
ქალები; 800მ
1.კასტერ სემენია (სამხრეთი აფრიკა) - 1:55.28წთ
2.ფრენსინ ნიონსაბა (ბურუნდი) - 1:56.49წთ
3.მარგარეტ ვამბუი (კენია) – 1:56.89წთ
ქალები; 4X400მ ესტაფეტა
1.აშშ - 3:19.06წთ
(კორტნი ოკოლო, ნატაშა ჰასტინგსი, ფილის ფრენსისი, ელისონ ფელიქსი)
2.იამაიკა - 3:20.34წთ
(სტეფანი ენ მაკფერსონი, ანეიშა მაკლაჰლინ უაილბი, შერიკა ჯეკსონი, ნოვლინ უილიამ მილსი)
3.დიდი ბრიტანეთი - 3:25.88წთ
(ეილიდ დოილი, ანიკა ონურა, ემილი დაიმონდი, კრისტინ ოჰურუგუ)
ქალები; სიმაღლეზე ხტომა
1.რუთ ბეიტია (ესპანეთი) - 1.97მ
2.მირელა დემირევა (ბულგარეთი) - 1.97მ
3.ბლანკა ვლაშიჩი (ხორვატია) - 1.97მ
...
32.ვალენტინა ლიაშენკო - 1.80მ

ბადმინტონი
ვაჟები

1.ლონგ ჩენი (ჩინეთი)
2.ლი ჩონგ ვეი (მალაიზია)
3.ვიკტორ აქსელსენი (დანია)

კალათბურთი
ქალები

1.აშშ
(სიმონე აუგუსტუსი, სუ ბერდი, ტამიკა კეტჩინგსი, ტინა ჩარლზი, ელენა დელე დონე, სილვია ფოულსი, ბრიტნი გრინერი, ეინჯელ მაკკოთრი, მაია მური, ბრეანა სტიუარტი, დაიანა ტაურასი, ლინდსი უოლენი)
2.ესპანეთი
(ლეტიცია რომერო, ლაურა ნიკოლსი, სილვია დომინგესი, ალბა ტორენსი, ლაია პალაუ, მარტა ხაგრეი, ლეონორ როდრიგესი, ლუსილა პასკუა, ანა კრუსი, ლაურა კუევედო, ლაურა ხილი, ასტუ ნდური)
3.სერბეთი
(ტამარა რადოჩაი, სონია პეტროვიჩი, საშა ჩადო, სარა კრნიიჩი, ნევენა იოვანოვიჩი, ელენა მილოვანოვიჩი, დაიანა ბუტულია, დრაგანა სტანკოვიჩი, ალექსანდრა ცრვენდაკიჩი, მილიცა დაბოვიჩი, ანა დაბოვიჩი, დანიელე პეიჯი)

კრივი
ვაჟები; 56კგ

1.რობეისი რამირესი (კუბა)
2.შაკურ სტივენსონი (აშშ)
3.ვლადიმირ ნიკიტინი (რუსეთი) და მუროჟონ ახმადალიევი (უზბეკეთი)
ვაჟები; 75კგ
1.არლენ ლოპესი (კუბა)
2.ბეკტემირ მელიკუზიევი (უზბეკეთი)
3.კამრან შახსუვარლი (აზერბაიჯანი) და მისაელ როდრიგესი (მექსიკა)
ქალები; 51კგ
1.ნიკოლა ადამსი (დიდი ბრიტანეთი)
2.სარა ურამუნე (საფრანგეთი)
3.სენსენ რენი (ჩინეთი) და ინგრიტ ვალენსია (კოლუმბია)

კაიაკი და კანოე
ვაჟები; C2 - 1000მ

1.სებასტიან ბრენდელი და იან ვანდრეი (გერმანია) - 3:34.912წთ
2.ერლონ სილვა და ისაკიაშ კეირუშ დუშ სანტუში (ბრაზილია) - 3:44.819წთ
3.დმიტრო იანჩუკი და ტარას მიშჩუკი (უკრაინა) - 3:45.949წთ
ვაჟები; K1 - 200მ
1.ლაიამ ჰითი (დიდი ბრიტანეთი) - 35.197წმ
2.მაქსიმ ბომონი (საფრანგეთი) - 35.362წმ
3.სოლ კრავიოტო (ესპანეთი) - 35.662წმ
3.რონალდ რაუე (გერმანია) - 35.662წმ
ვაჟები; K4 - 1000მ
1.მაქს რენდშმიდტი, ტომ ლებშერი, მაქს ჰოფი, მარკუს გროსი (გერმანია) - 3:02.143წთ
2.დენის მუშაკი, ერიკ ვიჩეკი, იურაი ტარი, ტიბორ ლინკა (სლოვაკეთი) - 3:05.044წთ
3.დანიელ ჰაველი, ლუკაშ ტრეფილი, იოსეფ დოსტალი, იან შტერბა (ჩეხეთი) - 3:05.176წთ
ქალები; K4 - 500მ
1.გაბრიელა შაბო, დანუტა კოზაკი, ტამარა შიპესი, კრისტინა ფაზეკაში (გერმანია) - 1:34.482წთ
2.საბრინა ჰერინგი, ფრანცისკა ვებერი, შტეფი კრეგერშტაინი, ტინა დიეტცე (გერმანია) - 1:35.383წთ
3.მარგარიტა მახნევა, ნაძეჟდა ლიაპეშკა, ვოლჰა ხუძენკა, მარია ლიტვინჩუკი (ბელარუსი) - 1:36.908წთ

ველოსპორტი
ქალები; ქროსქანთრი

1.ჯენი რისვედსი (შვედეთი) - 1:30:15სთ
2.მაია ვლოშჩოვსკა (პოლონეთი) - 1:30:52სთ
3.კატერინე პენდრელი (კანადა) - 1:31:41სთ

წყალში ხტომა
ვაჟები; 10მეტრი

1.აისენ ჩენი (ჩინეთი) - 585.30 ქულა
2.ხერმან სანჩესი (მექსიკა) - 532.70
3.დევიდ ბუდია (აშშ) - 525.25

ფეხბურთი
ვაჟები

1.ბრაზილია
(ვევერტონი, ზეკა, როდრიგო კაიო, მარკინიოში, რენატო აუგუშტო, დუგლას სანტოსი, ლუანი, რაფინია, გაბრიელი, ნეიმარი, გაბრიელ ჟესუსი, უოლესი, უილიამი, ლუან გარსია, როდრიგო დურადო, ტიაგუ მაია, ფელიპე ანდერსონი, უილსონი)
2.გერმანია
(ტიმო ჰორნი, ჯერემი ტოლიანი, ლუკას კლოსტერმანი, მატიას გინტერი, ნიკლას შულე, სვენ ბენდერი, მაქს მეიერი, ლარს ბენდერი, დევი სელკე, ლეონ გორეცკა, ჯულიან ბრანდტი, იანიკ ჰუტი, ფილიპ მაქსი, რობერტ ბაუერ, მაქს ქრისტიანსენი, გრიშა პრიომელი, სერჟ გნაბრი, ნილს პეტერსენი, ერიკ ოლშლაგელი)
3.ნიგერია
(დანიელ აკპეი, მუენფუ სინკერე, კინგსლი მადუ, შეუ აბდულაჰი, სეთერდი ერიმუა, ვილიამ ტროოსტ-ეკონგი, ამინუ უმარი, ოგენეკარო ეტებო, იმო ეზეკიელი, ჯონ ობი მიკელი, ჯუნიორ აიაი, პოპოოლა სალიუ, უმარ სადიკი, აზუბუიკე ოკეჩუკვუ, ნდიფრეკე უდო, სტენლი ამუზი, უსმან მოჰამედი, ემანუელ დანიელი)

გოლფი
ქალები

1.ინბეე პარკი (სამხრეთი კორეა)
2.ლიდია კო (ახალი ზელანდია)
3.ფენგ შანშანი (ჩინეთი)

მხატვრული ტანვარჯიში
რიტმიკა

1.მარგარიტა მამუნი (რუსეთი) - 76.483 ქულა
2.იანა კუდრიავცევა (რუსეთი) - 75.608
3.ჯანა რიზატდინოვა (უკრაინა) - 73.583

ხელბურთი
ქალები

1.რუსეთი
(ანა სედოკინა, პოლინა კუზნეცოვა, დარია დმიტრიევა, ანა სენი, ოლგა აკოპიანი, ანა ვიახირევა, მარინა სუდაკოვა, ვლადლენა ბობროვნიკოვა, ვიკტორია ჟილინსკაიტე, ეკატერინა მარენიკოვა, ირინა ბლიზნოვა, ეკატერინა ილინა, მაია პეტროვა, ტატიანა იეროხინა, ვიკტორია კალინინა)
2.საფრანგეთი
(ლორა გლოსერი, ბლენდინ დანსეტი, კამილ ეგლონი, ელისონ პინო, ლორისა ლანდრე, გრეის ზაადი, ამანდინ ლენო, მანონ უე, სირაბა დემბელე, ხლოე ბულო, ბეატრის ედვიგე, ესტელ ნზე მინკო, გნონსიანე ნიომბლა, ალექსანდრა ლაკრაბერე)
3.ნორვეგია
(კარი აალვიკ გრომსბიო, მარი მოლიდი, ემილი ჰეგ არნცენი, იდა ალსტადი, ვერონიკა კრისტიანსენი, ჰეიდი ლიოკე, ნორა მიორკი, სტინე ბრედალ ოფტედალი, მარიტ მალმ ფრაფიორდი, კატრინ ლუნდე, ლინ-კრისტინ რიეგელჰუტი, კორენ ამანდა კურტოვიჩი, კამილა ჰერემი, სანა სოლბერგი)

თანამედროვე ხუთჭიდი
ვაჟები

1.ალექსანდრ ლესუნი (რუსეთი) - 1479 ქულა
2.პავლო ტიმოშჩენკო (უკრაინა) - 1472
3.ისმაელ ერნანდესი (მექსიკა) - 1468

ტაეკვონდო
ვაჟები; +80კგ

1.რადიკ ისაიევი (აზერბაიჯანი)
2.აბდულ ისუფუ (ნიგერი)
3.მაიკონ სეკუეირა (ბრაზილია) და დონგ-მინ ჩა (სამხრეთი კორეა)
ქალები; +67კგ
1.შუინ ჟენგი (ჩინეთი)
2.მარია ესპინოზა (მექსიკა)
3.ბიანკა უოლკდენი (დიდი ბრიტანეთი) და ჯეკი გელოვეი (აშშ)

ტრიატლონი
ქალები

1.გვენ იორგენსენი (აშშ) - 1:56.16სთ
2.ნიკოლა სპირიგ ჰუგი (დიდი ბრიტანეთი) - 1:56.56სთ
3.ვიკი ჰოლანდი (დიდი ბრიტანეთი) - 1:57.01სთ

ფრენბურთი
ქალები

1.ჩინეთი
(ხია დინგი, ხიანხუ გონგი, რუოკი ჰუი, ლი ლინი, ხიაოტონგ ლიუ, კიუე ვეი, იუნლი ხუ, ნი იანი, ფანხუ იანგი, ხინუე იუანი, ჩენგნინგ ჟანგი, ტინგ ჟუ)
2.სერბეთი
(ტიანა ბოშკოვიჩი, იოვანა ბრაკოჩევიჩი, ბიანკა ბუშა, ტიანა მალეშევიჩი, ბრანკიცა მიხაილოვიჩი, იელენა ნიკოლიჩი, მაია ოგნიენოვიჩი, სილვია პოპოვიჩი, მილენა რაშიჩი, იოვანა სტევანოვიჩი, სტეფანა ველიკოვიჩი, ბოიანა ჟივკოვიჩი)
3.აშშ
(რეიჩელ ადამსი, ფოლუკე აკინრადევო, კაილა ბენუორსი, ალიშა გლასი, კრისტა ჰარმოტო, კიმბერლი ჰილი, ჯორდან ლარსონი, კარლი ლოიდი, კარსტა ლოუი, კელი მერფი, კელსი რობინსონი, კორტნი ტომპსონი)

წყალბურთი
ვაჟები

1.სერბეთი
(გოიკო პიეტლოვიჩი, დუშან მანდიჩი, ჟივკო გოჩიჩი, სავა რანდელოვიჩი, მილოშ ჩუკი, დუშკო პიეტლოვიჩი, სლობოდან ნიკიჩი, მილან ალეკსიჩი, ნიკოლა იაკშიჩი, ფილიპ ფილიპოვიჩი, ანდრია პრლაინოვიჩი, სტეფან მიტროვიჩი, ბრანისლავ მიტროვიჩი)
2.ხორვატია
(იოსიპ პავიჩი, დამირ ბურიჩი, ანტონიო პეტკოვიჩი, ლუკა ლონჩარი, მარო იოკოვიჩი, ლუკა ბუკიჩი, ხავიერ გარსია, ანდრო ბუშლიე, სანდრო სუკნო, ივან კრაპიჩი, ანჯელო შეტკა, მარკო მაკანი, მარკო ბიაჩი)
3.იტალია
(სტეფანო ტემპესტი, ფრანჩესკო დი ფულვიო, ნიკოლო ჯიტო, პიეტრო ფილიოლი, ალესანდრო ველოტო, მიქაელ ბოდეგასი, ანდრეა ფონდელი, ვალენტინო გალო, კრისტიან პრეშიუტი, ნიკოლას პრეშიუტი, მატეო აიკარდი, ალესანდრო ნორა, მარკო დელ ლუნგო)

  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        21-08-2016, 16:50

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ