image

ბალოტელისა და ოქრიაშვილის 5 საერთო

მარიო ბალოტელი - კოლორიტული ფიგურა ევროპულ ფეხბურთში, რომლის შესახებაც ყველა საუბრობს, მის ირგვლივ ყოველთვის ფუსფუსებენ პაპარეცები და ერთი სიტყვით, იგი ყვითელი პრესის "მსუყე ლუკმაა". მარიოს სპორტული კარიერა დიდი იმედებითა და პერსპექტივით იწყებოდა, თუმცა დროის სვლასთან ერთად გაუფერულდა და მის ამბიციებს მხოლოდ ფრანგული "ნიცაღა" თუ აკმაყოფილებს.

იმავე რამის თქმა შეიძლება თორნიკე ოქრიაშვილზეც, ოღონდ ამჯერად ფოკუსი ევროპულიდან მთლიანად ქართულ ფეხბურთზე გადმოდის. ჯერჯერობით თორნიკეს ევროპულ ჭრილში თავისი სიტყვა რიხიანად არ უთქვამს, იმედი დავიტოვოთ, რომ ეს მოცემულობა შეიცვლება. ბალოტელისა არ იყოს, ნიჭი ღმერთმა არც თორნიკეს დააკლო, თუმცა სხვადასხვა სკანდალი და არსპორტული თემატიკით გაჟღენთილი მოვლენები ყოველთვის გასდევდა და გასდევს მის საფეხბურთო კარიერას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ, თავისუფლად შეგვიძლია, რომ ამ ორი მოთამაშის კარიერასა თუ პიროვნულ თვისებებს შორის გარკვეული პარალელები ვიპოვოთ. მოდი, დავიწყოთ...

• 1) ამ ეტაპისთვის ორივე მოთამაშის სპორტული კარიერა საფრანგეთთანაა დაკავშირებული. ბალოტელის ტრანსფერი "ნიცაში" ოფიციალურად დადასტურდა, ხოლო ოქრიაშვილს სულ უფრო აქტიურად უკავშირებენ "მარსელის ოლიმპიკს". თუ ქართველისთვის ყველაფერი წარმატებით დასრულდა, მომდევნო სეზონში ეს ფეხბურთელები ერთმანეთს მოედანზე შეხვდებიან.

• 2) როგორც ბალოტელიმ, ისევე ოქრიაშვილმა ირლანდიის ნაკრების კარში გოლის გატანა მოახერხა. იტალიელმა ბრიტანელების კარის აღება ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპზე შეძლო, ხოლო ქართველმა - 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში.

• 3) ორივე ფეხბურთელი სოციალური ქსელების დიდი მოყვარეულია. მარიოს ცხოვრების სპორტული თუ პირადი მხარე ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალური ქსელების მეშვეობით თავად მოთამაშის მხრიდან. იმავეს თქმა, რა თქმა უნდა, შეიძლება ოქრიაშვილზეც. ვინც ქართველი ფეხბურთელის "ფეისბუქის" გვერდს ხშირად ნახულობს, დაგვერწმუნება, რომ იქ სიახლე კარიერასთან დაკავშირებით ან თორნიკეს პირადი ცხოვრების ამსახველი სხვადასხვა კადრი თითქმის ყოველდღიურად ჩნდება.

• 4) ორივე ფეხბურთელის კარიერა დიდი იმედებით იწყებოდა. ჯერ კიდევ "ინტერის" პერიოდში ამყარებდა სპეციალისტთა უმეტესობა ბალოტელიზე დიდ იმედებს, ხოლო მოგვიანებით "მანჩესტერ სიტიმ" მასში სოლიდური თანხა გადაიხადა და იმაზე მეტს ელოდა, ვიდრე მიიღო. ასევე მხოლოდ იმედების ფონზე განვლო მარიოს მოღვაწეობამ "მილანსა" თუ"ლივერპულში", საბოლოოდ კი მისი კარიერა მოკრძალებულ "ნიცაში" გრძელდება. რა შეიძლება ითქვას თორნიკეზე, ოქრი ჯერ კიდევ უკრაინაში იპყრობდა სპეციალისტთა ყურადღებას, მისმა გოლმა კი ბელორუსიის ნაკრების კარში ფურორი მოახდინა. შემდეგ იყო ბელგიური "გენკი", რომელსაც ბევრი ოქრიაშვილისთვის ევროპული მწვრვალებისკენ გზაზე ტრამპლინად მოიაზრებდა. საბოლოოდ ბელგიურმა პერიოდმა სკანდალების ფონზე ჩაიარა და ჩვენებური თურქეთის ჩემპიონატის ფსეკრზე მყოფ გუნდში აღმოჩნდა.

• 5) მიუხედავად კარიერაში დამდგარი კრიზისული პერიოდისა, ორივე მოთამაშეს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. ბალოტელი მხოლოდ 26 წლისაა, ხოლო თორნიკე - 24-ის. ასე რომ, ფრანგული გუნდები ორივე მათგანისთვის კარიერული აღმავლობის საწყის წერტილად შეიძლება იქცეს. იმედი დავიტოვოთ, ეს მართლაც ასე იქნება და ბალოტელის რომ თავი დავანებოთ, ჩვენებური მაინც დაიმკვიდრებს თავს ევროპული გუნდების წამყვან მოთამაშეებს შორის.

აგრეთვე იხილეთ:
10 ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში
კანკავას გოლი 10 საუკეთესოს შორის მოხვდა [ვიდეო]
5 ქართველი ფეხბურთელი, რომლებსაც ტოპ გუნდებში გადასვლამდე ცოტა დააკლდათ
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        1-09-2016, 01:18

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ