image

ალბანეთი დიდი სხვაობით დავამარცხეთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 39-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო ევროსაკვალიფიკაციო ტურნირი. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ალბანეთი გახლდათ, რომელსაც ქართველებმა ისე მოუგეს, კარგი ვარჯიში გამოუვიდათ.

ალბანეთის ნაკრები აღიარებული აუტსაიდერია და მასთან მატჩები ილიას ზუროსს თამაშის ტაქტიკის დასახვეწად, ნაკრების წევრებს კი შესათამაშებლად და გამოცდილების მისაღებად გამოადგებათ. ეს უფრო ახალგაზრდებზე ითქმის, რომლებმაც დღევანდელ მატჩში საკმარისად და საკმაოდ შედეგიანადაც ითამაშეს. ნაკრების გამოცდილმა მოთამაშეებმა კი საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინეს - მაყურებელმა ერთი მატჩისთვის რეკორდულად ბევრი ცინცაძე-სანიკიძის საფირმო და ულამაზესი კომბინაცია იხილა: უკანახაზელის დაკიდებული პასი პერიმეტრიდან და სანიკიძის ჰარში ერთი მოძრაობით ჩატენილი ბურთი.

სანიკიძემ საბოლოოდ 20 ქულა მიითვალა და უფრო მეტი ბურთი ჩატენა, ვიდრე ჩააგდო. უმეტეს შემთხვევაში მისი ასისტენტი გიორგი ცინცაძე გახლდათ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა - 9 ქულა და 9 პასი მიითვალა. დღევანდელი მატჩი ისეთი ყაიდის იყო, რომ გამარჯვებულის საკითხი გასარკვევი არ ყოფილა და ზუროსმაც სხვადასხვა კომბინაციების დამუშავებასთან ერთად საქმეში ახალგაზრდები იხილა. მით უფრო, რომ მოედანზე არ გასულა ამერიკელი ლეგიონერი მაიკლ დიქსონი, რომელსაც ნატკენი მუხლი აღარ აწუხებს, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ბრძოლაში ჩართვა არ გარისკა.

სასტარტო ხუთეულში იყო და რიგიანად გაისარჯა თორნიკე შენგელია, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებდა და რუსეთთან 14 აგვისტოს მატჩის შემდეგ, შვედეთთან და პოლონეთთან ამხანაგურ შეხვედრებში არ უთამაშია. შენგელიამ დღევანდელი მატჩი 12 ქულითა და 6 მოხნით დაასრულა. 11 ქულა ახალგაზრდა ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე დაგროვდა, რომელმაც სამაგალითოდ იბრძოლა და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შესანიშნავად გაისარჯა სათადარიგო ბესო ლეჟავა, რომელმაც მოედანზე 20 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და 10 ქულა მოაგროვა.

9-9 ქულა ერთბაშად სამმა კალათბურთელმა - გიორგი შერმადინმა, ზემოთნახსენებმა ცინცაძემ და დუდა სანაძემ მიითვალეს. ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ შეტევაში ძალები დაზოგა და 6 ქულას დასჯერდა, თუმცა 6 მახვილგოვივრული პასი გაჩარხა, რასაც 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მოაყოლა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს კარგი ვარჯიში გამოუვიდა სლოვაკეთთან სერიოზული დაპირისპირების წინ. ილიას ზუროსის გუნდი ავსტრიაში 1 სექტემბერს, გამთენიისას გაფრინდება, საიდანაც სლოვაკეთის დედაქალაქში ავტობუსით ჩავა და პირველი სოლიდური ბრძოლისთვის მოემზადება. სლოვაკეთი საქართველოს 3 სექტემბერს უმასპინძლებს.

© gbf.ge

აგრეთვე იხილეთ:
ლეჟავა: "დღევანდელი მატჩი მოსამზადებელ შეხვედრას გავდა"
ჩვენი ჯგუფი: მონტენეგრომ სლოვაკეთს მოუგო
ჯანო ანანიძემ "ანჟის" გაუტანა [ვიდეო]
  • ავტორი: ლუკა ბერაია        1-09-2016, 02:04

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ